სევდა
ჩემო ჩიორებო,არ არსებობს დედამიწის ზურგზე საოცრება,რომელიც თქვენზე ლამაზია.არ არსებობს დედამიწაზე ღირებულება,რომელიც თქვენზე ძვირფასია.არსებობს შეუფასებელი და აუწონავი სიყვარული,რომელიც თქვენა ხართ.ციხეში ხშირად ვფიქრობ,რა აუცილებლობა არის საჭირო,რომ ადამიანმა იარსებოს..
თუ არ გაქვს ჰაერი,ვერ სუნთქავ,ეს შენ ხარ ჩემი ჰაერი თამარ!
თუ არ გაქვს წყალი,იფიტები და კვდები,ჩემი უკვდავების წყარო შენა ხარ ვანო!
თუ ძარღვებში არ გიჩქეფს სისხლი,უძლური ხარ,და ჩემი სისხლი შენ ხარ მარიამ!
ძალა,წყურვილი და სუნთქვა ჩემი,თქვენზეა დამოკიდებული.თქვენ ჩემი ნაყოფი ხართ!მცენარეს,რომელსაც ნაყოფი არ აქვს,მის არსებობას აზრი ეკარგება და ხმება.
ამიტომ იცოდეთ,ვარსებობ მაშინ,ვსუნთქავ,მწყურია-როცა კარგათა ხართ .
უზომოდ მიყვარხართ,მე თქვენით ვამაყობ!
თათარი „გულია“
გულია,ერთი ჩვეულებრივი ცხოვრებისაგან დაღლილი ქალი იყო.სახლში რვა შვილი
ელოდებოდა,ბედმა გაუღიმა და სასამართლომ მხოლოდ ოთხი წელი მიუსაჯა..ბრალდება ქურდობისათვის
ჰქონდა წარდგენილი..ერთხელ სააპელაციო სასამართლოდან დაბრუნებული ატირებული ვნახე,ზონის
ერთ მიგდებულ კუთხეში ქვაზე ჩამომჯდარიყო და გულამოსკვნილი ტიროდა.
-აი,გულია!რა მოგივიდა,რამე სერიოზული ხდება?!-ვეკითხები
გაოცებული.ქალი კი ნაცემ-ნაგვემს უფრო ჰგავდა ვიდრე დათრგუნულს...
-ეხ,რა გითხრა,რა მოგიყვე,აპელაცია?იგივე დამიტოვა,დარბაზში
არც ერთი ჩემი შვილი არ შემოუშვეს.ბავშვების წივილი ახლაც ყურში მესმის.რომ წამომიყვანეს
მანქანას უკან მოსდევდნენ და ყვიროდნენ „დედა გვიყვარხარ!“ ვიცი,დავაშავე.ბაზრობაზე
ჩემს პატარა ბიჭს ქუდი და და ბურთი ვუყიდე და უფროსისთვის ფული არ დამრჩა რამე რო მეყიდა.ცდუნებას
ვერ გავუძელი და დუტის კურტკა მოვპარე გამყიდველს.მეგონა ვერ შემამჩნია და გავთამამდი.იქვე
ლამაზი სასკოლო ჩანთა ეკიდა,ისიც მოვიპარე.ოცნებებში წასული ვფიქრობდი გოგოსაც გავახარებმეთქი.გამყიდველი
მიხვდა,გზაზე დამეწია და ერთი ამბავი ამიტეხა.პოლიციელს ვეუბნები „ვიყიდე კაცო,რა გინდა
თქო“.გამყიდველი მეკიტხება „აბა რა ღირდაო?“,არ ვიცოდი და ტყუილში დამიჭირეს.აი ეს
დანაშაული ჩავიდინე ჩემო კარგო!
ბავშვები მეუბნებიან,“დედიკო,რასაც გვეტყვი ციხეში იმას
მოგიტანთ“.რა უნდა ვუთხრა,წადით,იქურდეთ და აქ მოდითმეთქი?!დილით პური რომ არ ექნებათ
იქურდებენ,მაშ რას იზამენ?!გული მისივდება,გული!რვა შვილი მყავს გარეთ და სულ კარისკენ
ვიყურები.განა წასვლის იმედით?არა ჩემო კარგო.იმის შიშით,ვონმე არ შემოვიდეს და ჩემი
რომელიმე შვილის დაჭერა არ მითხრას...
ასე დაასრულა გულიამ საუბარი და საცოდავი,გულამოსკვნილი
აქვითინდა.მას მერე დღეები და კვირეები გავიდა.მე გულიას გულის ხეთქვა დამავიწყდა,იმდენ
უბედურებას ვუსმენდი და ვუყურებდი.მისი ამბავი აღარც გამხსენებია.
* * *
რამოდენიმე თვის მერე ექოსავით
გავარდა ხმა ზონაზე,გულიას უფროსი შვილები დაიჭირეს და „მალალეტკებში“ ყავთო.გულიამ
შიმშილობა დაიწყო იმ იმედით,ჩემს შვილებს შემახვედრებენო.მოტხოვნა ადმინისტრაციამ შეუსრულა.იქვე,სულ
რაღაც ოცდაათ მეტრში მდებარე ბავშვთა საპყრობილეში დედა შვილების სანახავად გადაიყვანეს.მთელი
ზონა კართან ელოდა შეშლილ ქალს.კარიც გაიღო და ქალი გაფითრებული,სასოწარკვეთილი და
ღონემიხდილი მოლასლასებდა.რა მოხდა?რა მუხლით არიან?რა გაიგე?კითხვები დაასიეს გათიშულ,ცოცხალ-მიცვალებულს.პირიდან
ძლივს ამოილუღლუღა ქალმა-ერთს ფული მოუპარია,მეორეს მაღაზიის დახლიდან ქალის კოსმეტიკა!_ქალები
აქაქანდნენ_ფული კიდე გვესმის,ეს ოხერი კოსმეტიკა რაღა ჯანდაბად უნდოდა,ბიჭები არიან
და ქალის კრემს რაში იხმარდნენ?!_მე კი ჩუმათ ჩემთვის ვპასუხობდი:ფული საჭმლისთვის
უნდოდათ,კრემი და კოსმეტიკა კი დედისთვის.3 მარტი ახლოვდებოდა,დედას საჩუქარს უმზადებდნენ
პატარა კაცუნები.
ოხ,ღმერთო,რა დააშავა გულიამ რომ
ასე იწირება,ნუთუ ჩვენი სასჯელი არ მოახლოვდება?!
საბედნიეროდ გულიას შვილები მხოლოდ
ექვსი თვე იყვნენ საპყრობილეში.ვიღაცას ალბათ ნამუსის ძარღვმა შეაწუხა და საპროცესო
შეთანხმებით გაუშვეს,პირობითი კი ორი წელი გაატანეს.გულიას კი სადარდებელი არ გამოელია.იმას
ფიქრობდა,ისევ არ შეცდნენ,ისევ არ მოიპარონ.მაგრამ,პატარებს რომ მოშივდებათ და ბავშვებს
ფული არ ექნებათ,ვაი რა ვქნაო?ასე ფიქრებში გადაიარა გულიას ორმა წელმა.ქალი გათავდა,ცოცხალ
მოჩვენებად იქცა,მთელი დღე სხვის სარეცხს რეცხავდა,აუთოვებდა,ალაგაბედა,სანაცვლოდ სიგარეტს
იღებდა,მოსულ შვილებს ატანდა ,რომ მაღაზიაში ჩაებარებინათ და პურის ფული ეშოვათ.ერთხელ
ნაძორმა ჩუმად ჩუმათ მითხრა „ძალიან გვეცოდება ჩვენც.ბავშვებთან რომ გადის პაემანზე,თან
თავისი ულუფა შაქარი გააქვს და ნაჩუქარი ტანსაცმელებიო.ხანდახან აქ აღებულ ანალგინსაც
კი ატანს.შვილებს ეუბნება,როცა მოგშივდებათ და თავი აგტკივდებათ,ეს წამალი დალიეთო..“ჯოჯოხეთად
ექცა დედას სიცოცხლე.
ერთხელ,ეზოში სარეცხსა ჰფენდა.უცებ
გული შეუწუხდა,ექიმმა გასინჯა,გულია კი ხელით მარჯვენა მკერდს უჩვენებდა.მკერდზე უზარმაზარი
სიმსივნე ჰქონდა გაზრდილი.ყველაფერი მთავრდებოდა,სიკვდილი ახლოვდებოდა,მძიმე დღეები
სრულდებოდა და და შვილების დარდი თან მიყვებოდა.სულ ასე იყო ყოველთვის.
მეოთხე სტადიის კიბო დაუდგინეს
გატანჯულ ქალს,ონკოლოგიურში გადაიყვანეს.უბედურ დედას სასამართლომ და დეპარტამენტმა
სასჯელი არ გადაუვადა.
გულია წევს და წუთებს ითვლის.
ერთხელ ღონემიხდილმა მკითხა“
-მაკა,რა უფრო დიდი დანაშაულია,ჩემი
დაპატიმრება თუ ჩემი შვილების უპატრონოდ დატოვება?
არ ვიცი გულია,ნამდვილად არ ვიცი,ჩვენს
გულს და სულს არავინ არ უსმენს,ჩვენი შეცდომების მიზეზს არავინ იძიებს,ჩვენი შვილების
ტკივილი არავის ტკივა,ჩვენი ღირსება მათთვის ღირებული არ არის.ჩვენ ვინ გვინდა.ჩვენ
ვინც დაგვიჭირა,მათთვის არარაობები ვართ,მაგრამ ისინი „ამა სოფლის“ ჭრელი ტარაკანები
არიან.ღმერთმა შეუნდოს ცოდვები,შენ კი დღეგრძელი მყავდი.სხვა რა უნდა გისურვო არ ვიცი!
28.X.2009 წელი.
ერთი დღე „მოსიკოს“ დღიურიდან
„რეშკა,რეშკა,რეშკა,ნეტა თუ იცის
დედაშენმა რას ნიშნავს სიტყვა რეშკა.ისე,რატომ უნდა იცოდეს?!ის ხომ მთელი სიცოცხლე
დიასახლისი იყო,ცხოვრების საუკეთესო წლები სამზარეულოში ქურასთან და შვილებთან აქვს
გატარებული.მე?მე ხომ დედის სირცხვილი ვარ.ღმერთო,როგორ მენატრება დედა...
ფფიქები ძლივს მოჩანს რეშკის მიღმა.დახტიან,დარბიან,ისინი
მხედავენ,მეჯღანებიან და დამცინიან.ამ დროს,თელავში,ჩემი სახლის სარკმლიდან,თეთრ თუშურნაბადში
გახვეული ქალაქი ჩანს,ამაყი ისტორიით და ამაყი მეფით.ზამთარში ერეკლეც კი აღარ მეფობს,თოვლის
ბაბუს ჰგავს,ხელში ხმლის მაგივრად დიდი ჯადოსნური ჯოხი უჭირავს და პატარა კახელებს
ამხიარულებს.რა კარგია თელავი,ჩემი უბერებელი ქალაქი,ღამის ლამპიონებით აპრიალებული
ცა,იისფერი ღრუბელი,მოფარფატე ფიფქები,ბებერი ჭადარი,მარტოსული კახელი ღვინის დოქით
ხელში...
დედა მოფუსფუსე ღუმელთან,ბავშვები
ტყლაპითა და ჩურჩხელით და თხუნელები,სადღაც სოროში თაგვიც კი,ბედნიერი,თავისუფალი,კატისაგან
დასვენებული,თხილისა და კაკლის თამაშში გაბნეული,პატივცემული გოზინაყი..
-გოგოებო,აიღებთ „ბალანდას“?-ოცნებებს
ბალანდიორი გაწყვეტინებს
-არა!_და მე ისევ აქა ვარ,საკნის
„რეშკანსთან“ ფეხისწვერებზე ვდგევარ,ვცდილობ ფიფქები დავინახო.მიყვარს წარსული,აწმყოშიც
წარსულს ვეძებ.აგერ!დავინახე,მსუქანმა ფიფქმა ჩამირბინა და თვალი ჩამიპაჭუნა..
P.S. რეშკა-საკნის სარკმელია,ის არასოდეს იხსნება.
ბალანდა-ციხის ტრადიციულ კერძს
ჰქვია.სახელად ბალანდიორი_ბალანდი დამტარებელს.
4-იანვარი,მაკა მოსიაშვილი.
„სუნამო“- მაკა მოსიაშვილი
დანგრეული ქარხნის წინ,ორი მამაკაცი
გზას გასცქეროდნენ მაღალი,უშველებელი ღიპით და გრძელი ულვაშებით,ძვირადღირებულ სიგარას
ღეჭავდა.
მეორე,ახალ კაცობაში შესული,ყმაწვილი,ნორჩი
წვერულვაშით გაბანჯგლული თმით,დაუბანელი ცხვირპირით და ჭუჭყიანი თითებით,“პრიმას“ აბოლებდა.
-კიდევ,რამდენი ხანი უნდა გელოდო
ბიჭო?!-იკითხა უკმეხად ულვაშამ.
-კაი რა,ოთარი ბიძია,მოვა წუთი
წუთზე და ინ ცხრა ბოთლსაც მოიტანს.
-აგეღოთ თოთხმეტი ლარი და მოვრჩებოდით
ბაზარს...
-თხუთმეტი რომ გვჭირდება?-დარცხვენით
უთხრა ბიჭმა
-ხო,კაი,აგე შარაზე გამოჩნდა შენი
ძმაც-ქლოშინით მიუახლოვდა ორეულს უფრო პატარა ბიჭი.ხელში ტილოს ტომარა ეკავა.უთქმელად
ამოალაგა შუშის ბოთლები და თავისთვის ჩაილაპარაკა.
-დათვალეთ-ულვაშა კი ბოთლებს ათვალიერებდა,ბზარს
ეძებდა შუშაზე.
-ხო,კაი,გავსწორდით,თხუთმეტისაა...-და
ფული ჩაუთვალა ბიჭებს.ძმები ქვაფენილზე დაეშვნენ,უფროსმა უმცროსს ხელი გადახვია და
ფეხს აუჩქარა.
ღიპიან კაცს ქარხნის ნანგრევებიდან
ძმაკაცმა გამოაკითხა.
-რას მალოდინებ ამდენს,ღვინო გათბა
-ბოთლები ჩავიბარე იმ ბიჭებისგან
-ხოო,ვიცნობ მაგათ-შორიდან გახედა
ძმაკაცმა-დედა ჰყავთ მაგ საცოდავებს ციხეში.წავლენ ახლა და მაგ ფულით დედას სუნამოს
უყიდიან.იცი რა მაგარი მამა ჰყავდათ?მაგარი დამრტყმელი კაცი იყო.ვაჟკაცი,აფხაზეთის
ომში მოკლეს საცოდავი.შენ კი გეცოდინება,,გოგი მახათაშვილი იყო.
-როგორ არ ვიცი,ჩემი კლასელი იყო,ფუ
ამისი,მისი შვილები ცხრა ბოთლისთვის ორი საათი ვაწვალე.
-წამო,წამო დავლიოთ
არა,არა,ბავშვებს უნდა დავეწიო,საქმე
მაქვს,კარგათ.
8 
Comments
Post a Comment