ინო სოზაშვილიფილოლოგიის დოქტორიგანათლების მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორია, რამოდენიმე დღის წინ გავესაუბრე და აღმოვაჩინე, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედების კვლევით არის დაინტერესებული, და აღფრთოვანებულიც, მოკლედ ვთხოვე ერთი სტატია მოეცა, რომელიც ჯანსუღზე აქვს შექმნილი...... გამიკვირდა, ადამიანი ისე წერს და მუშაობს, რომ არც კი იცნობს ცოცხალ  პოეტს უშაუალოდ.
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჯანსუღ ჩარკვიანი.




ნაშრომი პირველი ცდაა თანამედროვე ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლირიკული პოემების ფოლკლორთან მიმართებაში შესწავლისა. ჯანსუღ ჩარკვიანს ფოლკლორთან მისასვლელი რთული შემოქმედებითი გზებიდან ერთ-ერთი საინტეროსო გზა აურჩევია და ვფიქრობთ, ამიტომაცაა, რომ მის ეპიკური თხზულებები ასე გამოირჩევიან გამომსახველობითი ხერხებითა და იდეურ-მხატვრული გააზრებით. ამჯერად ხალხურ-პოეტურ შემოქმედებასთან მის რამდენიმე პოემის ხალხურ სიტყვიერებასთან ურთიერთობის ზოგიერთ საკითხს შევეხებით. ეს პოემებია: “ჯაჭვის თორანი”, “რწმენის კედელი” და “მონატრება”. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზიის კვლევა მომავლის საქმეა.  ასევე მომავლის საქმეა, ხალხურ  შემოქმედებასთან პოეტის დამოკიდებულების შესწავლა. ჩვენი კვლევის საფუძველზე კი წინასწარ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის  პოეტურ თხზულებათა ხალხის გულისკენ მუდმივ დინებასა და იქ  ადგილის დამკვიდრებაში ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა.

ლირიკული პოემის ფოლკლორული ექო

შემოქმედის მხატვრული სიტყვა მხოლოდ მაშინ შეძლება დაეუფლოს ხალხს, თუ იგი ხალხისავე ფიქრსა და ოცნებას, სიხარულსა და ტკივილს გამოხატავს. ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა პოეტი ღრმად იცნობს საკუთარი ერის ისტორიას, ერის ფოლკლორს.
თანამედროვე ქართველ პოეტთა შორის თვალსაჩინო ადგილი უკავია ჯანსუღ ჩარკვიანს. მისი ლირიკული პომა გამოირჩვა მრავალფეროვნებით, სამყაროს პოეტური ხილვის მაღალი ოსტატობით, სახეთა უშუალობითა და სინატიფით.
უნდა ითქვას, რომ ჯანსუღ ჩარკვიანს ფოლკლორთან მისასვლელი რთული შემოქმედებითი გზებიდან ერთ-ერთი საინტეროსო გზა აურჩევია და ვფიქრობთ, ამიტომაცაა, რომ მის ეპიკური თხზულებები ასე გამოირჩევიან გამომსახველობითი ხერხებითა და იდეურ-მხატვრული გააზრებით. ამ კუთხით ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედების კვლევა მომავლის საქმეა, ამჯერად კი ხალხურ-პოეტურ შემოქმედებასთან მის რამდენიმე პოემის ურთიერთობის ზოგიერთ საკითხს შევეხებით.
“ჯაჭვის თორანი”.
“ჯაჭვის თორანი” პირველად ჟურნალ “ცისკარში” (№ 5,1971 წ.) დაიბეჭდა. პოემა მეორე მსოფლიო ომის თემას ეძღვნება. თხზულების წაკითხვის შემდეგ შეიძლება შთაბეჭდილება შეგვექმნას, რომ პოემა პოეტიზირებული ქრონიკა უფროა, ვიდრე სრულსიუჟეტიანი ეპიკური ნაწარმოები. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მთავარია არა ეპიკურ ნაწარმოებისათვის წინასწარ განსაზღვრული ჩარჩო, ტრადიციული ფაბულა, არამედ თემის ირგვლივ მწერლისეული მსჯელობა, რითიც ვლინდება ავტორის პოეტური ძალა და შესაძლებლობანი. ამ გზითაც შეიძლება მივიდეს მწერალი ეროვნულ ფოლკლორთან.
მეორე მსოფლიო ომის თემატიკის შემცველ ქართულ პოეზიაში ხშირად შევხვდებით ხალხურ საწესჩვეულებო და საგმირო-საისტორიო ზეპირსიტყვიერების ანარეკლს. ჩვენი მწერლები ხალხური სატრფიალო ლირიკის ნიმუშებსაც ხშირად მიმართავენ. ფოლკლორთან ასეთი დამოკიდერულება საუკეთესოდ დასტურდება ჯანსუღ ჩარკვიანის საანალიზე პოემის მაგალითზე.
“ჯაჭვის თორანში” სატრფიალო ხალხური ლექსის გამოყენების არა ერთ მაგალითს ვხვდებით. თავისებურად გაბრწყინდა პოემაში ცნობილი ლირიკული შედევრი:
შირაქის გზაზე მივდივარ,
უკან მაბრუნებს ქარიო,
წინ შემეყარა პეპელა,
წითლად უჩანდა მხარიო,
საყვარლის კაბას ვამსგავსე,
ღმერთო დამწერე ჯვარიო… (2.76)
ჯანსუღ ჩარკვიანს, როგორც ყველა ჩვენგანს, ჭეშმარიტად სჯერა, რომ სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაცემული მირზა გელოვანის მაღალ პოეტურ სულსა და ღრმა ადამიანური სიყვარულით სავსე გულს ბევრი დარჩა სამღერი. მირზას გული სიყვარულის ცეცხლით სავსე ვულკანია - ასეთია მირზა ჩარკვიანის პოეტურ წარმოსახვაში. ზემოთ მოტანილი ფოლკლორული ნიმუშიც პოემაში მირზას პოეტური ხილვის სურვილითაა სულჩადგმული, მირზას გულის დრტვინვითაა გაშუქებული.
მოვიჩქაროდი შენკენა,
მინდორს არწევდა ქარიო,
წინ შემეყარა პეპელა,
წითლად უჩანდა მხარიო.
შევხედე, ლოცვით ავავსე
ყაყაჩოსფერი ხალიო,
საყვარლის კაბას ვამსგავსე,
ღმერთო დამწერე ჯვარიო… (1.101-102)
ხალხურ სატრფიალო ლექსს ახასიათებს ნათელი პოეტური ფერები და სახეები, მდიდარი მხატვრული სიმბოლიკა. საყოფაცხოვრებო დეტალებით დატვირთულ სატრფიალო ლირიკას ბევრი ფოლკლორული ჟანრი ვერ დაუდებს ტოლს. აი, ასულს მოლოდინი გაუმრათლდა - მწყემსად წასული გულისტოლი დაუბრუნდა:
გავხედენ და მოგოგავდა
ლურჯა ცხენი ნალზედაო,
აკვდებოდა თეთრი ჩოხა
წითელ ახალუხზედაო … (2. 286)
ჯანსუღ ჩარკვიანი პოემის ერთ თავს “ნატირლებს” უწოდებს. იქ პირმზის “ნატირალის” ერთი ადგილი ასეთია:
გული კვდება, სული ოხრავს,
დავცემულვარ მუხლზედაო,
გაკვდებოდა თეთრი ჩოხა
წითელ ახალუხზედაო.
არ მაღირსე დაბრუნება
თვალი მაქვის გზაზედაო… (1. 114).
ხალხური ლექსისა და პოემის შეყვარებულ ქალ პერსონაჟთა ყოფითი სიტუაცია განსხვავებულია. რა თქმა უნდა ეს ყველა შემთხვევაში მხატვრული ტექსტის დანიშნულების გაგებას განსაზღვრავს. “ჯაჭვის თორანში” ხალხური ლექსის მხატვრული სახეების გამოყენება შინმოუსვლელი ვაჟკაცის ხსოვნის უკვდავებასა და მიჯნურის მოლოდინით დაღლილი გულის მწუხარების სათქმელადაა მოხმობილი.
პოემაში ვკითხულობთ:
… ბინდისფერია სოფელი
თანდათან უფრო ბინდდება,
კარ გვიბავ ცოდვა-მადლისა,
კარგსა არაფერს გვპირდება.
ხმალს ვგავარ პატრონმომკვდარსა,
პირჟანგიანსა, ოხერსა,
ნეტავი როდის მომხედავ,
შენს მიტოვებულ ოლესა,
გულო ჯავრისგან მოკლულო,
არც მოგეტევა სამარი… (1. 115).
ეს პასაჟი მთლიანად შთაგონებულია ხალხური ფილოსოფიური ლექსით “ჯავრიანი გული”, რომელიც საოცარი პოეტური უშუალობით გვახედებს ცხოვრების რთულ ლაბირინითებში, გვიჩვენებს ადამიანის ჩაფიქრებას ცხოვრების ავ-კარგზე:
გულო ჯავრისგან მოკლულო,
რა დაგაყარი წამალი?
არც მოგიდგება ექიმი,
არც მოგეტევა სამარი…
და შემდეგ:
ეს ჩემი გული რასა ჰგავს?
ცასა ჰგავს შემოღრუბლულსა…
ხმალსა ჰგავს პატრონმოკლულსა
პირჟანგიანსა ოხერსა (2. 68).
შესამჩნევია ერთი თავისებურება: ხალხური ლექსის ტაეპი ჯანსუღ ჩარკვიანისათვის სანდო ბალავარია, რომლის გამოყენება საკუთარი ლექსის მშენებლობისათვის ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშეა შესაძლებელი. ამას თავისი გამართლება აქვს. ცნობილია, რომ “გადაუმუშავებელი” ფოლკლორული ძეგლები საერთოდ, თუ მისი ცალკეული ორნამენტი გარკვეულ პოეტურ ზეგავლენას ახდენს ინდივიდუალურ პოეზიაზე, “უარყოფითად” მოქმედებს ლიტერატურული ნაწარმოების თვითმყოფადობაზე. რამდენადაც გადაუმუშავებელია ზეპირსიტყვიერი თხზულება, იმდენად აქტიურია წერილობით თხზულებაზე მისი  “უარყოფითი” ზემოქმედების ხარისხი. ჯანსუღ ჩარკვიანის პოემაში ასეთი მომენტები გვაქვს. ერთი შეხედვით მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ფოლკლორული მასალა აქ უფრო საკუთარი თავის გამოჩენაზე ზრუნავს, ვიდრე მსესხებელი შემოქმედის პოეტური ძეგლის გამობწყინებაზე. იგი, თითქოს ბორკავს მწერლის ოსტატობას, ჩრდილს აყენებს მას, დახმარებას ვერ უწევს შემოქმედს, მაგარამ კარგად დაკვირვებული თვალისათვის აშკარა გახდება, რომ ხალიჩაზე ყველა ფერს თავისი აზრი და მნიშვნელობა აქვს.
ადამიანის რთული სულიერი სამყარო თავისებური კუთხითაა დანახული ხალხური ლექსში “განა ლაღი ვარ”:
განა ლაღი ვარ, რომ ვმღერი,
გულისა დარდსა ვიქარვი,
ვინაც ჩემს იტყვის “ლაღია”,
ჩემსავით ლაღიმც ის არი!
ძმასაც მაუკვლენ ლეკები,
მამას - ნასროლი ისარი,
ანამც მაუკვლენ ნაძმობსა,
არც ძმაზედ ნაკლებ ის არი! (3. 3)
სულ სხვაგვარი გააზრებისაა მეორე ხალხური ლირიკული შედევრი “ლექსო ამოგთქომ”, სადაც დასმულია ერთი შეხედვით სრულიად უბრალო ადამიანური კითხვა:
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა?
და შვილისადმი დედის მერადიულ სიყვარულში დარწმუნებული სახალხო მგოსანი იქვე იძლევა პასუხს:
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა… (4. 21)
ჯანსუღ ჩარკვიანი “ჯაჭვის თორანში” ოსტატურად იყენებს ამ ორი ლექსის ძირითად მხატვრულ სახეებს და ქმნის საინტერესო პასაჟს:
ბათაკავ, გული დამღლია,
გული, რომელიც ძმის არი,
ვინაც ჩემს იტყვის, ლაღია,
ჩემსავით ლაღიც ის არი.
შენ რაი გესმის ამ ქვეყნად,
ის ჩემს გულს მოხვდა ისარი,
დასა რაც გული ჰქონია,
სუყველა თურმე ძმის არი,
ბათაკავ გული დამღლია,
იაღსარს გაველ ტინებსა,
აკი დედის მეტს სიკვდილი
არავის აატირებსა. (1.113)
ეს მაგალითიც კარგად ადასტურებს ცნობილ დებულებას იმის თაობაზე, რომ ხალხური პოეტური ტექსტების შემოქმედებითი გამოყენება ამშვენებს, მიმზიდველსა და დასამახსოვრებელს ხდის ლიტერატურულ ნაწარმოებს.
“ჯაჭვის თორანის” “ნატირლებში” ჯანსუღ ჩარკვიანი იყენებს ხალხური სამგლოვიარო პოეზიის ნიმუშებსაც. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა თუშური “დალა”. სასიამოვნოა აღინიშნოს, რომ ხალხური სახეების გამოყენებისას არ იგრძნობა ნაძალადევობა. მოხსნილია კითხვა “ვინ-ვის?”
ჯანსუღ ჩარკვიანი ოსტატურად ცდილობს შეუთავსოს ერთმანეთს ხალხური და ინდივიდუალური შემოქმედების ნიმუშების იდეურ-შინაარსობლივი მხარე, რიტმიკა. პირიმზის “ნატირალში” ვკითხულობთ:
…ნეტავ შენ, საიქიოსა,
შიგ შეხვალ მტრედის ფერადო.
და შემდეგ:
შენი დედაი, ბეჩავი,
სანთლებურ ჩამოდნებაო…
მზევინარის “ნატირალიდნაც” ერთ ადგილს მოვიტან:
გადაგვიბრუნდა ურემი,
წინ წასვლა შეუძლებია,
კარზე გიდგენან სტუმრები,
შინ აღარ შეუძღვებია?!
ლაშქარს გიკითხვენ სწორები,
აღარა გაუძღვებია?
ვაი, თუ შავი ყორნები
შენი სისხლითა ძღებიან… (1. 117)
,,ნატირლებში“ განსაკუთრებით ძლიერია პოეტური ასოციაციები, თითქოს ვხედავთ და გვესმის შინმოუსვლელთა დარდით დამძიმებული მიჯნურებისა, დებისა თუ დედების სულის კვნესა და გულის ვარამი. უდავოდ ძლიერია ჯანსუღ ჩარჯვიანის ლირის ექო. პოემიდან ზემოთმოტანილი ადგილების საგრძნობლად ეხმიანება თუშეთში დღემდე მტკიცედ დაცულ სამგლოვიარო ,,დალაის“ ტექსტს. თედო უთურგაიძისეული ჩანაწერის მიხედვით, გლოვის მგოსანი-კორიფე ასე მიმართავს ქვეყნის  ,,პურ-წყალ“ ვაჟკაცს:
ეგ შენი დედა ბეჩავი
სუროსვით ექნებოდა.
შემდეგ:
კარზე გიდგანან სტუმრები,
შინამ არ შეუძღვებია?
ლაშქარს გიკითხვენ სწორები,
წინამ არ წაუძღვებია?
და კიდევ:             
           კარზე გიდგანან სტუმრები,
           შინამ არ შეუძღვებია?
           ლაშქარს გიკითხვენ სწორები
           წინამ არ წაუძღვებიან?
და კიდევ:
ნეტავ შენ საიქიოსა!
სულეთს შეხვ მტრედისფერადა.
ჯანსუღ ჩარკვიანის პოემაში ეს ზეპირსიტყვიერი ტექსტი, ნაწილობრივ, შემოქმედებითადაა გადამუშავებული, ნაწილობრივ კი პირდაპირაა გამოყენებული. ისმის კითხვა, რითია ნაკარნახევი ის აუცილებლობა, თუ ამას აუცილებლობა შეიძლება ვუწოდოთ, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზიაში ხალხური მასალა ზოგჯერ ყოველგვარი ,,ხელყოფის,” გარეშე შემოდის? აქ ერთი გარემოება უთუოდ არის გასათვალისწინებელი. კერძოდ, თვითონ პოეტმა მშვენივრად უწყის, რომ ხალხური ტექსტი პოეტისეულ ტექსტში ისეა შეჭრილი, რომ ფოლკლორული მასალა, პოეტური ტაეპსა თუ სტროფის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ხალხური ტექსტით იწყება ან მთავრდება პოეტისეული სტროფი. ზეპირსიტყვიერი მასალა პოეტს უთუოდ უბიძგებს და ეხმარება, რათა მთელი სისრულით გაისიგრძეგანოს სათქმელი, მოქნილი და უფრო ემოციური გახადოს ტაეპი, სტროფი, მეტი სიღრმე და განი მისცეს ჩანაფიქრს. ამ დროს ზეპირსიტყვიერი ნაწარმოები თავისი არსებობის სულ სხვა ამპლუას ზეიმობს. რა თქმა უნდა შემოქმედმა ეს იცის. ისიც იცის, რომ თუ ზეპირსიტყვიერმა მასალამ თან გაიყოლია მწერლის პოეტური მასალა, მაშინ ამ მასალის უკვდავყოფა  უზრუნველყოფელია. ეს კი ვფიქრობთ, ყველა შემოქმედის სანუკვარი სურვილია. სხვანაირად რთულია დამოუწმებელი და მსგავსი ანალიზის ახსნა:
ხალხური: ბინდისფერია სოფელი,
                   უფრო დაუფრო ბინდდება.
ჯ. ჩარკვიანი: ბინდისფერია სოფელი
                        თანდათან უფრო ბინდდება.
ხალხური: ზენ  ბაცალიგოს  თოვლსა თოვს,
                   ქვენ ბაცალიგოს შრებოდა.
ჯ. ჩარკვიანი: ზენ ბაცალიგოს  თოვლი თოვს,
                        ქვენ ბაცალიგოს შრებაო.
                        ისევ იპოვის ტოლი ტოლს,
                        ყვავილიც გაიშლებაო.
ჯ. ჩარკვიანი ,,ჯაჭვის თორანს” სრულიად მართებულად, ,,არდავიწყების პოემას” უწოდებს. ცხადია, შინმოუსვლელთა შინმოუსვლელობით გამოწვეულ მწვავე ტკივილებს მოშუშება შეუძლებელია. თხზულების იდეა მშვენივრად ჩანს გმირებისადმი პოეტის გულწრფელ მიმართვაში:
ისევ  ოც-ოცი წლისას გიგონებთ,
შინმოუსვლელნო ძმანო ქართველნო,
რომ ისევ ფეხზე წამოგაყენოთ! (1.330)

,,რწმენის კედელი”  
,,ჯაჭვის თორანთან” შედარებით თითქოს ნაკლებად არის დამუხტული ხალხური შემოქმედებით, მაგრამ, როცა ახლოს მივდივართ პოემის მხატვრულ ქსოვილთან, ვხედავთ რა თვალისმომჭრელი ელვარებით ბზინავს ქართველი ხალხის ათასწლეულებით ნალოლიავები და მხატვრულ სახეებად ქცეული პოეტური საუნჯის რამდენიმე მარგალიტი.
      პოემა ,,რწმენის კედელში,, ორიგინალურად არის ჩაშენებული არაკი ,,თივაზე  მოცილენი”. ამ არაკს სვანურში ,,ცუდი მემზვრე” ჰქვია. აი, ისიც: ,,ორი მთიბავი ზღვარზე წაცილებულა. ერთს ცელის ტარი ძალიან ღრმად ჩაუსვია მიწაში - აქ არისო ზღვარი. ცელის ტარი ღრმად ჩაფლულა მიწაში და როდესაც ეს კაცი გამართულა, ცელი კისერზე მოხვედრია და თავი მოუჭრია”. (6. 209)
      ეს არაკი, თავის დროზე, გამოუყენებია სულხან-საბას. როგორც შ. ონიანი აღნიშნავს, სხვაობა ხალხურსა და საბას არაკს შორის მინიმალურია. ჩანს ჯ. ჩარკვიანი პოემაში ამ არაკის სულხან-საბა ორბელიანისეული ვარიანტს გულისხმობს:
ხოლო რუქამ სთქვა:
სოფელსა დარბანდს,
გამოვიდნენო
თივის მთიბავნი,
ცხენებზე ისხდნენ
და ცელი ეპყრათ,
თივაზე თურმე
ექმნატ ცილობა,
ჩააბრჯენდიან
თურმე ცელის ტარს...
ერთმა სთქვა;
-თივა აქობამდე
არისო ჩემი.
- არა,
 ჩემია
და სამანიც ესე არისო, -
უთხრა მეორემ
და გაგულისდა...
ხოლო როდესაც ჩააბრჯინა
ცელი მიწაში,
მოკლე აღმოჩნდა
იმისი ტარი,
პირი ცელისა
კისერზე მოხვდა,
წამს მოეკვეთა
გოროზი თავი
და მისი თივაც
იმ პირველს დარცა. (1. 23-24)
      მკითხველი გაიხსენებს აქაც საბასეული ვარიანტის შინაარსს და დაგვემოწმება, რომ ფოლკლორული ძეგლისა და ლიტერეტურული ნაწარმოების ცალკეული ადგილების მსგავსება აშკარაა. არის განსხვავებაც. მთავარი კი ის არის, რომ ჯ. ჩარკვიანი ზეპირსიტყვიერ მასალას უფრო მეტი აქტივობით გადაამუშავებს, ვიდრე ზოგ სხვა შემთხვევაში.

,,მონატრება” ქართველი ხალხის უსაზღვრო ერთგულება, ხალხის ფიქრისა და გულისთქმის პოეტური ამღერება, ცხოვრების შუაგულში ხელებდაკაპიწებული ტრიალი, ჯანსუღ ჩარკვიანის პოეტური სიტყვის ძალა და ჯავარია.
ფოლკლორულ სამყაროში ღრმად ჩახედული პოეტი, ხშირად განცდების მაღალმხატვრულ გადმოცემას უჩვეულო სისადავით ახერხებს. კერძოდ, ხალხურ მასალაში არსებული სიტყვიერი მასალის მეტაზისით. ფრაზის სტრუქტურული ცვლა მაინც აკნინებს ფოლკლორული ძეგლის ინდივიდუალობას. აქედან იწყება მისი ,,სახედ ქცევის” პროცესი, საბოლოოდ კი - მისი გადამუშავება. ხალხური ანდაზით ვიცით: მთა მთას არ შეხვდება კაცი კაცს კი - ყოველთვისაო.
 ჯანსუღ ჩარკვიანის ქვემოთ მოტანილ ტაეპებში უთუოდ ვიგრძნობთ დამოწმებული ხალხური ძეგლის  ემოციას:
მე ვიცი ერთხელ
შეხვდება მთა მთას. (1.168)
ჩვენი ,,ამირანიანი” მრავალი წლის მანძილზე იყო და ახლაც რჩება ქართულ მწერლობაში  მარადიული მხატვრული სახეების უშრეტ წყაროდ. ამ მიმზიდველ საუნჯეს გულგრილად ვერც ჯ. ჩარკვიანი ხვდება.
ძეგლის ერთი კახური ვარიანტი სანადიროდ წასული ამირანი და მისი ძმები უცნაურ კოშკს მიადგნენ:
ამირანმა გარს უარა;
ვერ იპოვა კარი მისი,
ამირანმა წიხლი გაჰკრა,
იქ გაიღო კარი- მისი...(7. 301)
კოშკში გარდაცვლილ გმირს ხელში წერილი ეჭირა, რომელშიც ამირანმა ამოიკითხა:
ვინც ის ბაყბაყ დევი მოკლას -
ჩემი რაში ალალ მისი,
ვინც ჩემს ცოლ-შვილს შეინახავს-
ჩემი ლახტი ალალ მისი. (7.301)
           ,,მონატრებაში” არა ერთი და ორი ლირიკული კატრენია. ლექსს ,,პატარა გოგო დამეკარგა” პოეტი ასე ამთავრებს:
ანთებულან კელაპტრებად,
ცხრაკლიტურში ვარსკვლავები
ახლოს მისვლა მენატრება
არც კიბე აქვს, არც კარები.   
ღრუბელ-ღრუბელ ვარონინე
თაბორი და თამარისი,
ვინც მე იმას მაპოვნინებს
ჩემი სული ალალმისი.(1. 174)
მოტანილ ტექსტში ინტონაციური შეხვედრის წერტილები უთუოდ თვალსაჩინოა. ეს შხვედრები ტექსტის  შინაგან პულსაციასთან ერთად სიტყვიერ მასალაშიც მჟღავნდება.
     ჯანსუღ ჩარკვიანის ლირიკულ ეპოსზე დაკვირვებისას ჩვენს თვალწინ წარმოსდგება მთელი სამყარო ეროვნული მითოსიდან. ჯადოსნურ თუ ფანტასტიკურ საოცრებებზე საუბრისას მწერალი ქმნის სინამდვილის ნათელ სურათს, თანამედროვეობისათვის დამახასიათებელ მხატვრულ სახეებს.
 ლექსში ,,მკვდრის მზე” საინტერესოდაა გადამუშავებული  ქართული ხალხური ზღაპარი ,,ანანა”.
     ამავე პოემაში ეროვნული ეპოსიდანაა ნასესხები სიუჟეტის ერთი კომპონენტი, კერძოდ, პერსონაჟთა მიერ სავალი გზის არჩევანისა. ხალხურ ზღაპრებში ვკითხულობთ: ძმებმა,  ,,ბევრი იარეს, თუ ცოტა, მივიდნენ ერთ გზაჯვარედინზე. სამი გზა ერთად იყრიდა თავს. ერთ გზაზე იყო ქვა დასობილი და ზედ ეწერა - ,,ვინც  აქეთ წავიდეს, ადვილად მობრუნდესო”, მეორეზე ეწერა - ,,ვინც აქეთ წავიდეს, საეჭვო იყოს მისი დაბრუნებაო”, მესამეზე ეწერა - ,,ვინც აქეთ წავიდეს, ვეღარ მობრუნდესო”... ამ გზებზე  ძმები თავისებურად ნაწილდებიან:
      ,,მონატრებაში,, ვკითხულობთ: “მარცხნივ წახვიდე, სახლში დაბრუნდე, მარჯვნივ წახვიდე, სახლში დაბრუნდე”. პოეტიც ზღაპრის უმცროს ძმასავით ძნელად სავალ ხიფათით სავსე გზას ირჩევს და სჯერა, რომ ეს არის ,,გზა ერთადერთი და პირდაპირი.”(1. 180-181)
ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედების საფუძვლიანი კვლევა მომავლის საქმეა. ასევე მომავლის საქმეა ხალხურ  შემოქმედებასთან პოეტის დამოკიდებულების შესწავლა. ჩვენი კვლევის საფუძველზე კი წინასწარ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის  პოეტურ თხზულებათა ხალხის გულისკენ მუდმივ დინებასა და იქ  მოკალათებაში ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა.








 V

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში