კასუს დღიურები

ციხეში  ბევრი ჩანაწერი გავაკეთე, ძალიან  ბევრი, მაგრამ მათგან ზოგი განსაკუთრებით  მიყვარს...  „კასუს დღიურიც“ ერთ-ერთი ძალიან გამორჩეულია ჩემთვის... არაფერი არ გამიზვიადებია, უბრალოდ მოკლედ დავწერე ის, რაც ჩემმა საკნის მეგობარმა მიამბო...  სანამ მის ისტორიას მოვისმენდი, მანამდე  არ ვიცოდი,  რომ ეს ჩემი საკნის მეგობარი გვარად კანდელაკი იყო და არა კასუმიანი...
                ერთხელ, რეჟიმის უფროსმა გულიაშვილმა „პრავერკაზე “ სიის ამოკითხვის დროს ჰკითხა ჩემს მეგობარს ჰკითხა:
-სადაური კასუმიანი ხარ? დედა და მამა კანდელაკი გყავს, შვილი მგონი მეგრელი.....და შენი წარმომავლობა ვეღარ გავიგე!
პატიმარს ჩაეცინა და მშვიდად უპასუხა:
-მე გაგრელი კანდელაკი ვარ, კასუმიანი კი ჩემი ფარია,  რომლითაც შევძელი ცხოვრებაში ერთხელ კეთილად დამელაშქრა აფხაზეთი!
მაშ ასე გიყვებით ნარკომანი ქალის ცხოვრებას.....
კასუს დღიური
ეს დღიური ერთი ძალიან ჩვეულებრივი პატიმრის ცხოვრებაზეა.   ის ნარკომანი იყო, რომელსაც ძალიან უჩვეულო და ცხოვრება აქვს გავლილი. მან ბევრი იბრძოლა და ჰეროინზე საბოლოოდ გაიმარჯვა!
1.გაგრა
ბავშობაში დედას სახლიდან ჩუმად ვეპარებოდი, სირბილით ჩავირბენდი ჩემი ქუჩის ბილიკებს და ერთი ამოსუნთქვით ზღვას ვეძგერებოდი... მანამდე ვბანაოდბი შავ ზღვაში, სანამ მთლად გალუმპული და აკანკალებული არ გამოვაღწევდი ზღვის ქაფიან ტალღებს. ამ დროს დედამ უკვე იცოდა სად ვიყავი, სანაპიროსთან პირსახოცმომარჯვებული, ბრაზით სახეაკანკალებული მელოდებოდა, მაგრამ თვალები  ტკბილი  ჰქონდა.
-რატომ გამოიპარე? გინდა მამაშენმა მომკლას?
თავს ჩავღუნავდი და იმ დღეზე ვოცნებობდი, როცა გავიზრდებოდი და სახლიდან გავიპარებოდი....  დედა მიყვარდა, მამა კი თავისი სიმკაცრით მუდამ მიშორებდა თავიდან.
ჩემი სახლის ფანჯრიდან, ხელის გულივით მოჩანდა გაგრა - სილამაზის პატარა დედოფალი.  ახლაც,  როცა ედემის ბაღს წარმოვიდგენ, მხოლოდ გაგრას აღვიქვამ ასეთ ადგილად...  წყნარი სანაპირო, ფინიკებისა და პალმების ქვეყანა, მოსიყვარულე ხალხი, თბილი გარმეო, უცნაური მზე, იისფერი ზღვა და რაც მთავარია, მხოლოდ გაგრის თავზე გადაჭიმული  ულამაზესი ცისარტყელა...  მინდოდა იმხელა გავმხდარიყავი, რომ  ცისარტყელას შევხებოდი...  ეს ოცნება მომავალში ამიხდა,ოღონდ ძალიან მწარედ...
ძალიან პატარა გავთხოვდი - თხუთმეტი წლის.  ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა - სიყვარულიც და ერთგულებაც...   დარჩა  მხოლოდ ლაშა - ჩემი ახდენილი ოცნება,  ჩემი ნუგეში, ჩემი შვილი და გენი...
დრო გადიოდა...  პოლიტიკური ამინდი მერყეობდა...  გაგრა იცვლებოდა...  რა მივიღეთ ფინალში?  ომი,  რომელმაც ცხოვრება დამიმახინჯა!!!


2. ომი
             აღარ არსებობდა ჩემი სილამაზის დედოფალი, ქალაქი მტვრად იყო ქცეული და ყველგან ტყვიების ზუზუნი ისმოდა...  ხოცვა,  ხოცვა, ხოცვა... სისხლი, სისხლი, სისხლი... გვამები...  ყველგან პატარა გოგონებს აუპატიურებდნენ...  აღარავის ახსოვდა პატარა საკურორტო დაბა...  აქ აღარავინ  ისვნებდა...  გაგრიდან  ყველა გარბოდა...
მოადგნენ ჩემს სახლსაც...
           ოჯახი სარდაფში ვიმალებოდით. ადამიანების მეშინოდა.  ჩემთვის ყველაზე ახლობელი ვირთხა აღმოჩნდა,რომელიც არ მერჩოდა, მხოლოდ მართობდა და მამხიარულებდა, სარდაფის მაღლა იატაკი ჭრაჭუნობდა, ჩემს სახლში აფხაზები და რუსები დადიოდნენ, ქართველებს ეძებდნენ...  ვხვდებოდით, რომ  ქართულ გვარს გაგრაში არასოდეს გაახარებდნენ...
         როგორღაც მოვახერხე და  ჩემს ძმასთან ერთად ადლერში გადავედი, მებრძოლი მამის შვილებს გაგრაში დიდი ხნის სიცოცხლე  არ გვეწერა..  მალე მამა „ფრონტიდან“ დაჭრილი დაგაუბედურებული დაბრუნდა...
        ორი თვე ველოდი  ლაშას და დედას... ნერვები მძვინვარებდა...   თვითმკვლელობაზე ფიქრი არ მტოვებდა...
       ბოლოს როგორც იქნა  დედა დაბრუნდა...  ლაშა ვნახე...  ჩავეხუტე...
        დავრჩით ღია ცის ქვეშ მარტოები, ნუგეშისა და ყურადღების გარეშე. დაიწყო ახალი ბრძოლა, ცხოვრების მეორე ტალღა... მე,  თხუთმეტი წლის გოგოს უფრო მეტი მომეთხოვებოდა,  ვიდრე  ჩემს თბილისელ თანატოლებს .....
          დედამ დრო იხელთა, მე და ლაშა გაგვამზადა, ვერტმფრენს უნდა გავყოლოდით თბილისში. მე უარი ვთქვი! - დედის დაკარგვას ვეღარ გადავიტანდი... მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის ვერტმფრენი აფეთქდა,რომლითაც თბილისში გამოფრენას ვაპირებდით...მე და ლაშა  ჩემმა ურჩობამ გადაგვარჩინა!

3. დაბრუნება
          მალე ყველანი ერთად დავბანაკდიტ თბილისში. პატარა გოგოს უდარდელი ცხოვრება გაქრა, ბურუსმა შთანთქა... დაიწყო შრომით და ჯაფით სავსე ცხოვრება...  ვიყავი ბავშვი, ვიყავი დედა და ამასტან ერთად ვიყავი დევნილი საკუთარ მიწა-წყალზე! 
        ...ლაშას ზოოპარკში დავატარებდი, მაიმუნებს ვაჩვენბდი და ვუყვებოდი:  „იქ,  ჩვენთან,  აფხაზეთში უფრო ბევრნი არიან და სასცილოები...“  ლაშას ჩემი არ ესმოდა, მე კი ზოოპარკში დატყვევებულ ცხოველებშიც აფხაზეთს ვხედავდი - დატუსაღებულს და უფლებააყრილს!
         არ მიყვარდა თბილისი მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მე არანორმალურად მიყვარდა ჩემი გაგრა,  ჩემი ზღვა, ჩემი ჰაერი... მენტარებოდა ფინიკების რხევა, პალმების შრიალი...  სულ ჩამესმოდა ტალღატა ოხვრა და კიდევ... მენატრებოდა ის ცისარტყელა,  რომელიც  ნაწვიმარ გაგრას თავსაბურავად გადაეკვრებოდა ხოლმე ცაზე!
         ოფლითა და შრომით გადიოდა  დღეები...  დამღლელი და  გაუთავებელი ლოდინით ენერგია მეცლებოდა, მინდოდა ერთხელ მაინც ჩამესუნთქა აფხაზეთის ჰაერი...
...და  დადგა ის დღეც!
         აფხაზეთში მაცხოვრებელი ერთი სომეხი ბიჭი გავიცანი.  ფიქტიური ქორწინება გავაფორმეთ, მის გვარზე გადავედი და კანდელაკი გავხდი კასუმიანი.  ვიცოდი, რომ  ქართული გვარით არავინ  შემიშვებდა აფხაზეთში! სომხური გვარით - უპრობლემოდ!
            გადავლახე ენგური... რთული გზა გავიარე და მივადექი სოხუმს... სოხუმი ვეღარ ვიცანი!
გაგრაშიც ჩავედი,  მონატრებულ გაგრაში...
ჩემს სახლში მხოლოდ დეიდაჩემი დამხვდა, ბებია უკვე გარდაცვლილიყო.
ჩემი ბავშობი გაგრა სადღაც ნისლში ჩაძირულიყო, ქალაქი დაძინებულ მზეთუნახავდ ჰგავდა! გაგრა ისეთი აღარ იყო, მაგრამ  ძველი  იერი კი შემორჩენოდა!
ჩემი ბავშობის ზღაპარი სადღაც გამქრალიყო!
ვყნოსავდი მიწას, ზღვას, ხეებს და ფოთლებს...  ვეძებდი ძველს - დავიწყებულს და დაძინებულს....
უკან წამოსული აფხაზეთის საზღვარზე მიცნეს! სიკვდილს ბედად გადავრჩი, მაგრამ ალბათ მერჩივნა, იქ მოვმკვდარიყავი რუსის ტყვიით და სამუდამო განსასველებლად აფხაზეთის მიწა მრგებოდა წილად...

4. კეთილი ლუციფერი - შეხება ცისარტყელასთან
                  თბილისში დაბრუნებულს ნოსტალგია გამიათკეცდა. ზღაპარი  უკვე ჩემი წარსული იყო, რომელსაც ვეღარ დავაბრუნებდი...  შვებას ვეძებდი და დადგა ის წარუშლელი წამიც...  კეთილი ლუციფერი გავიცანი!
ჰეროინი გავსინჯე!!!!
გაგრის  ცისარტყელა კვლავ ანათებდა!
ზღვის ტალღები ჰეროინის ვნების ტალღებმა შეცვალეს!
ბავშობა ცოცხლდებოდა!
და იმქვეყნიური სილამაზე სიცხადეში მევლინებოდა!
არ მაინტერესებდა არაფერი! მთავრია ერთად ვყოფილიყავით მე და „წამალი“!
მთავარი იყო „კაიფი“!
„კაიფში“ მე აფხაზეთში ვიყავი,  ცხადში კი - თბილისში!
აღარ მახსოვდა ომი, შიმშილი, სარდაფი, ვირთხა, სისხლიანი გვამები, გაუპატიურებული გოგოები,  დაჭრილი მამაჩემი, უპატრონოდ დარჩენილი ზღვის სანაპირო...
 მე რაც მინდოდა ავისრულე - მე ცისარტყელას შევეხე!


5.სიკვდილთან ნეტარი თამაში
              ...დღეს ჩემს თანასაკნელს ტუბერკულიოზი დაუდგინეს. საცოდავი ტირილით კვდებოდა, გამუდმებით ერთ კითხვას სვამდა -  ხომ გადავრჩები?  ვამშვიდებდი და ვუხსნიდი,  რომ საშიში არაფერია, მეც მქონდა ოდესღაც ტუბი... ეს წლების წინ იყო...   
               ჰეროინთან  მეგობრობამ  ყველაფერი დამავიწყდა - სახლი, ოჯახი, მეგობრები და საკუთარი თავიც.... ვეღარ ვგძნობდი გამუდმებულ ტემპერატურას,  ძლიერი ხველისა და ოფლიანობის მიზეზებზე აღარ ვფიქრობდი...  არ მშიოდა...  ჩემი მადა მხოლოდ წამალში იყო - ვენაში შეშვებული სითხე  სითბოსა და სიყვარულის მორევში მაგდებდა. მიყვარდა ყველა და ყველაფერი, საუცხოო იყო გარემო - იისფერი, ლილისფერი, ვარდისფერი...  ბავშობის  ოცნება სრულდებოდა - ოაზისში ვიყავი და ულამაზეს ქალთევზად წარმომედგინა თავი...
                 ერთხელ გამთენიისას, საშინელი ხველა დამეწყო, პირიდან ცეცხლის ალებივით მოჩქეფდა სისხლი... არ მახსოვს „ხუდადოვზე“ როგორ აღმოვჩნდი, მახსოვს ექიმმა მკითხა - „არ იცოდი ჭლექი რომ გქონდა?“ გავიკივირვე.  არა მეთქი...
           -ხოდა კავერნა გაგეხსნა! - მითხრა „ნიღბიანმა ჰიპოკრატემ“...
           გამეღიმა...  ერთი სადარდებელი მქონდა მხოლოდ - წამალი მინდოდა!  მარტო წამალს  შეეძლო ჩემი ხსნა... ზუსტად ვიცოდი,  რომ კრიზისი მქონდა და  ყოფნა-არყოფნის დრო იდგა ჩემს თავს, მაგრამ მე მაინც ჰეროინზე ვფიქრობდი...  ჰეროინი იყო ჩემი მხსნელიც და მეგობარიც!
          ...და აი,  მაშინ დაიწყო სიკვდილთან ნეტარი თამაში!

6. განქორწინება სიკვდილთან
         არაფერია იმაზე უარესი,  როგორც მობეზრებული სიცოცხლე!
        არაფერია იმაზე უვარგისი, როგორც მონატრებული სიკვდილი!
         დგახარ სადღაც გზის გასაყართან და გული აღარ გელაპარაკება...  გონება გეუბნება:   „მიხედე თავს, ნუ მისცემს  სულს სატანას...“  ამ დროს გული გპასუხობს:  „ნუ უსმენ მას,  მე დავიღალე ამ წუთისოფლით, მოდი წავიდეთ იქ,  სადაც სიკვდილია, ვნახოთ რა გველის საიქაოს...“
         ასე წამებაში და ზმანებაში გადის დღეები და ეს დღეები წლებად გეჩვენება!
პალატაში ექთანი შემოვიდა, ბოთლიდან სითხე სულ ჩაშრეტილიყო. ექთანმა სისტემა ისე გათიშა,  ჩემთვის არ კი  შემოუხედავს და  გასრიალდა.  გველივით მიიქნევდა უკანალს და მეჩვენებოდა, რომ  შხამით წუწავდა ირგვლივ ყველაფერს. (მერე მივხვდი, რომ გველს კი არა, ეს ექთანი ძალიან ჰგავდა ლოკოკინას...)
          დრო ვიხელთე კათეტერს გამზადებული „ბაიანი“ შეუერთე და სიცოცხლის ელექსირი შეუშვი.
ოჰ!..
             უცებ წარმოვიდგინე,  რომ მოლივვე რძეში ვცურავდი, ჟასმინის სურნელი ვიგრძენი, ოთახში მზე შემობრძანდა  და ღიმილით დამიწყო თამაში. დათბა სულში. ღრმად ჩავისუნთქე, მინდოდა ოთახში არსებული მთელი ჟანგბადი ჩამეყლაპა.  ძალიან ძლიერი ვიყავი, გველეშაპივით ძლევამოსილი!
            ექთანი რომ დაბრუნდა,  აღარ ჰგავდა ლოკოკინას!
           თვალებს ასხივედა, გამიღიმა წვეთოვანს ახალი ბოთლი დაუმაგრა, შეამოწმა და კვლავ დამტოვა.  კეთილი სახე ჰქონდა, მანამდე კი ვერ შევამჩნიე...
           სიტხე წვეთ წვეთად მიდიოდა ვენაში  და ყოველივე ეს სასიამოვნოდ იფურჩქნებოდა. ორ საათში ექიმი შემოვიდა, და დაეჭვებით დამაკვირდა:
-  ისევ იკეთებ წამალს? მოკვდები და შენს თავს დააბრალე.
ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი გამახსენდა, ისიც ასეთი ბრაზიანი იყო.
          მალე ოთახში ექთანი ისევ შემოსრიალდა, ექიმს ყურში რაღაც უჩურჩულა და გაინაბა. ამზრზენი იყო უკვე ყველაფერი...
           მერე ხველა ამიტყდა, პირიდან სისხლის ბელტები მოდიოდა...
          ჩემს გადასარჩენად „ჰიპოკრატეს წლოკვების“ დარბოდნენ. იმდენნი იყვნენ,  პალატაში ადგილი აღარ იყო, მე კი სიამოვნების წამი ხელიდან მეცლებოდა...  რაღაც  ხელწერილი დამაწერინეს და  „ხუდადოვიდან“ „არამიანცის“ საავადმყოფოში გადამიყვანეს.
         გზაში ხილვა მქონდა სიკვდილი მოვიდა და გამესაუბრა:
-რა გინდა?
-სიკვდილი!
-მერე აქ ვარ,  შენთან და წავიდეთ.
-არა ,ჯერ ერთი საქმე დამრჩა გასაკეთებელი.
-მაინც რა საქმეა ამისთანა?
-ჩემს შვილს უნდა ველაპარაკო!
-რაზე?
-უნდა დავარიგო!
-რა უნდა დაარიგო,  შენ თვითონ დასარიგებელო - და ჩახითხითა ცინიკურად.
-უნდა ვუთხრა,  რომ სიცოცხლე არ მობეზრდეს!
-ვააა...  ჰეროინზე რას ეტყვი?
-არაფერს!
-რატომ?
-იმიტომ,  რომ მრცხვენია!
-მაშინ არ წაგიყვან!
-არა, არა,  მოიცადე!  არ დამტოვო, მე შენთან მინდა!
-არა,  შენ სიკვდილის ღირსი არ ხარ!!!
           წავიდა და თან წაიღო „ნეტარი თამაში“ . დავრჩით მე, ლომკა, ჭლექი დედაჩემი და ლაშა,
მე სიკვდილი მინდოდა , სიცოცხლეს კი ვუყვარდი!

7. წყალობა ღვთისა!
       მაშინ კი გადავრჩი, ღმერთმა არ გამწირა და როგორც ცოდვილი მოყვასი,  უფლის სიყვარულით გავთამამდი. ჭლექი დავამარცხე! დედაჩემის ბედნიერებას საზღავარი არ ჰქონდა. ლაშა ნაღვლიანი თვალებით მაკვირდებოდა და ალბათ რაღაცას ეძებდა ჩემში, მისთვის ამოუცნობს!
უხაროდათ ოჯახში, რომ  მე ჯანმრთელი ვიყავი, ოღონდ არა ბედნიერი!
შვებას ვეძებდი, სიამოვნება მაკლდა, უკმაყოფილო ვიყავი ჩემი არსებობით...
...და აი ისევ ეს ჰეროინი!
        უცნაური ნივთიერება! ყველაზე ძლიერი და ბინძური! „წამალზე შევჯექი“ და მშვიდად მაშინ ვგრძნობდი თავს,  როცა სადღაც ბედნიერების წვეთებით სავსე „ბაიანი“ მეგულებოდა.
            სიამოვნების ტალღა ახლოვდებოდა, „პრიხოდი“ იწყებოდა, და სადღაც ტალღათა მორევში ვიძირებოდი, სიამოვნებისგან ვიკლაკნებოდი, თვალებიდან სითბო და სიყვარული მეღვრებოდა, მინდოდა მთელ  ქვეყანას ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი და ამ ზმანებაში სამარადისოდ ჩამძინებოდა...  მაგრამ ეს ოხერი ნეტარება დღითი დღე ხანმოკლე ხდებოდა..  არასოდეს ვიყავი ბუნებით გაუმაძღარი, წამლით კი ვეღარ ვძღებოდი, სულ უფრო მეტი მინდოდა  და სულ უფრო ხშირად! „ლომკამდე“ საქმე არასოდეს მიდიოდა, რადგან „კარგი“ სამეგობრო ხელს მიწყობდა  მუდმივად  კაიფში ვყოფილიყავი. აღარც ღმერთი მახსოვდა და აღარც - ხატი, დამავიწყდა რწმენა და მოთმინება, დამავიწყდა დედაც და შვილიც.
         ...ის დღეც დადგა, გაგლეჯილ კაიფში რომ დამიჭირეს... მერე იყო, დაკითხვა, კაპეზე, ციხე... რაც მთავარია,  საშინელი ლომკა დაიწყო, ყურებში გამუდმებიტ რაღაც ზმუოდა, საზიზღარი სურდო მქონდა, ფაღარათი მაგიჟებდა, ტკივილით შემეძლო თმის ღერები დამეთვალა, ძვლები იმტვრეოდა, კისერი იჭიმებოდა, ნეკნები ერთმანეთს ვერ იტევდნენ, შიგნით  მალები ერთმანეთთან ხმალაობდნენ,  ღვიძლი და ნაღველი ჭიდიდაობდნენ, მკერდი მეწვებოდა, საყლაპავი მილი მისივდებოდა, გული მერეოდა, მციოდა,  მერე ისევ მცხელოდა, მერე მციოდა, ისევ მცხელოდა... სამი თუ ექვსი დღის მერე თვალებიდან გამოვიხედე და  ხუთი შეშნებული ქალის სახე დავინახე... ჩუმად,  ჩემთვის ჩავიბუტბუტე „ლაშა, დედა“...     ერთმა გამიღიმა და მითხრა:
-დედაშენმა ამანათი უკვე სამჯერ შემოგზავნა, ნახე მანდ ჟურნალშია რაღაცას გწერს!
           „დედა გენაცვალოს,  არ იდარდო. მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ! ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი არ გაგვწირავს.“
           იმ წუთში ყველაზე მეტად ჩემი თავი მეზიზღებოდა, ასეთი უმადური დედას მაინც ვუყვარდი და არ მკარგავდა....
          რამდენიმე დღეში ჩემს საკანში ნარკომანი შემოიყვანეს, უკვე უცხო თვალით ვუყურე ლომკას, სიცივეს, სიცხეს, სურდოს, შეუკავებელ ფაღარათს, „შლანგით“ ვრეცხავდი ჩემნაირს.....
           მე ახალი თვალით დავინახე ჰეროინი, მას უკვე სხვა სახელი აქვს - ჰეროინი იგივე ფეკალური მასაა, რომელიც სულს გიბინძურებს, მოჩვენებითი შვება მოაქვს, გიმონებს.
ჰეროინთან  მეგობრობა იგივე ლაჩრობაა!
          მერწმუნეთ,  მე ოდესღაც ლაჩარი ვიყავი!!! დაილოცოს ღმერთო შენი განგება,  რომ არ გამწირე. დღეს მე და  ჰეროინი ერთმანეთის მტრები ვართ, მე ჩემს ბედნიერებას ჩემს შვილში ვეძებ!
          მაპატიე ლაშა, მე ისეთი დედა არ ვიყავი შენ როგორიც გჭირდებოდა, ,მაგრამ შენ ისეთი შვილი ხარ,  რომელზეც მხოლოდ ოცნებობენ.

P.S.  გამახსენდა,  რომ ღმერთმა ქვეყანა 7 დღეში შექმნა, რათა სრულყოფილი ყოფილიყო,  ამიტომაც  კასუს დღიურები 7  ნაწილად დავყავი.  მეც მინდა კასუ საზოგადოებამ არა ყოფილ ნარკომანად, არამედ სრულყოფილ წევრად მიიღოს და აღიაროს...

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში