მამაშვილობა

   
                                                        ვუძღვნი მამაჩემის და ჩემი ძმის, ბესო და ვანო  
                                                                              მოსიაშვილების ნათელ ხსოვნას 

"მამა, აქედან ვერ დაგიკავშირდით, ჩემი არსებობის ძალიან მრცხვენია, დაგტანჯე, შეგარცხვინე, სოფელში თავი მოგჭერი... 
მამიკო, მე ბათუმში არა ვარ, არც არსად ვმუშაობ, აქამდე შენ და დედას ფულს რომ გიგზავნიდით, ყოველთვის არასწორი გზით იყო ნაშოვნი. 
თუ შეძლებ, გამიგე. რა მექნა, ქმარი არა მყავს, შენ და დედა თითქმის სამოცდაათი წლისები ხართ. მოხუცებს ორი შვილი შეგატოვეთ, ათასი რამ გჭირდებოდათ სახლში, ბავშვებს სკოლაში ჩაცმა, ჭამა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ტვინი გამეთიშა, გონება დამებინდა და საკუთარი სხეულით ვაჭრობა დავიწყე. 
მამა, შენი სახელი ვერ დავაფასე! ვერც ჩემი ძმისა და ქმრის უკანასკნელი თხოვნა შევასრულე... 
ციხეში ვარ. ქურდობისათვის დამიჭირეს, ალბათ ოთხი წელი ვერ გნახავთ. ერთადერთი სათხოვარი მაქვს, ჩემი შვილებისათვის გეხვეწები, შენ და დედამ დიდხანს იცოცხლეთ. მე პატიებას არ ვითხოვ, პატიება არ მეკუთვნის. 
დამიკოცნე ჩემი ჩიორები. 
გთხოვ, მიშოს და ანის ნუ ეტყვი, არ მინდა, ჩემით შერცხვენილებმა იაროთ. 
თეა". 
ონისემ ალბათ ასჯერ მაინც წაიკითხა უცნობისაგან მოწვდილი წერილი. ფიქრობდა, არა, ეს ჩემი შვილის წერილი არ არისო, მაგრამ შინაგანი ხმა პასუხობდა, რომ სწორედ თეა იყო წერილის ავტორი. 
სახლისაკენ მიმავალს ახალი დარდი შემოაწვა. საკუთარ თავთან ბუტბუტებდა: 
– რა ვქნა, ვუთხრა ცოლს თუ არა. ვაი, რომ ვერ გადაიტანოს?! ბავშვებს დედა სჭირდებათ, დედა არ ჰყავთ. გვერდით ბებია მაინც ხომ უნდათ? მიშო და ანი, გენაცვალოთ პაპა, თეამ თუ დააშავა, რა ბავშვების ბრალია? 
ოხ, შვილო, რატომ?! 
რატომ მოხვდი ამ დღეში, შენ მოგიკვდეს მამა! 
ვიცი, გრცხვენია – მეც მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა? 
გაგკიცხო?! რა გექნა. 
არ გაგკიცხო? როგორ მოგიწონო, შვილო, საქციელი. ქმარი კი არ უნდა დაგეკარგა იმ საშინელ ომში, მე და დედაშენი უნდა მოვმკვდარიყავით. 
ახლა დედაშენს რა ვუთხრა, დედაკაცს გული როგორ გავუხეთქო?! არ ვეტყვი და მორჩა... 
მოხუცი სოფლის ორღობეში შეჩერდა, ერთხელ კიდევ წაიკითხა წერილი, ცეცხლი მოუკიდა და დაწვა. ცოტა შვება იგრძნო, გულზე რაღაც მოეშვა. გზას დინჯად გაუყვა, ახლა უკვე სხვა საფიქრალი ჰქონდა. 
* * * 
ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში დედაბერი დაფუსფუსებდა. ახალგაზრდა ბიჭების ფოტოებს გულდასმით წმენდდა. ამდენი წმენდით გადიდებულ სურათებს ჩარჩოზე შავი საღებავი სულ მოშორებოდათ. 
ონისე სამფეხა სკამზე იჯდა და რაღაც წერტილს უაზროდ მისჩერებოდა. 
– ონისე! გესმის, კაცო! ფქვილი გველევა, შაქარიც აღარ არის, აღარც ცხიმი გვაქვს. სექტემბერი მოდის და ჯერ შეშაც არ გვიყიდია. ამბობენ, დიდი ზამთარი იქნებაო. მალე სკოლაც დაიწყება, ბავშვებს ფეხსაცმელები და წიგნები უნდათ. ნეტა ვიცოდე, თეა რასა ფიქრობს. ზაფხულმა გადაიარა, ის კიდე არა ჩანს, ფულიც არ გამოუგზავნია უკვე რამდენი ხანია... შენ ხომ არ გაგიგია რამე ახალი? – ქაქანებდა ბებერი თამარა. 
– არა. 
– უგუნებოდა ხარ? 
– არა. 
– ონისე, მოხდა რამე? 
– რა მოგივიდა, დედაკაცო, რა უნდა მომხდარიყო! – გაღიზიანდა კითხვებით მოხუცი. 
– აბა, კაცო, თეაზე არა ჯავრობ? 
– არა. 
– რა არა? – გაოცებული დააცქერდა დედაბერი მოხუცს. 
– არ იდარდო, კვირის ბოლოს გამოგზავნის. 
– გაიგე რამე? ჩემი შვილი როგორ არის, იმას მოუკვდეს დედა, – კითხვები დააყარა ცოლმა მოხუცს. 
– ხოო, კარგად არის, სამუშაო არა ჰქონია, ახლა უშოვია. დამშვიდდი, დედაკაცო? 
– ასე დამშვიდდეს ჩემი ოჯახის დამაწყევარი. საცოდავი გოგო, მოუკვდეს დედა, ოცი წლის დამიქვრივდა, ჯერ ძმა მიაბარა მიწას, მერე მთასავით ქმარი მოუკვდა, მაინც არ გატყდა, ღმერთო! ცათა სასუფეველი დაუმკვიდრე ჩემს მიცვალებულებს! – ვიშვიშით მივიდა ხატების კუთხესთან თამარა და სანთელი აანთო. 
ონისემ კი თუთუნი გაახვია და აივანზე გავიდა. 
გარეთ აგვისტოს სასიამოვნო ღამის სიგრილე სუფევდა, მთელი დღის სიცხეს ნიავი ცვლიდა, ალვის ხეების შრიალი საცოდავ მოხუცს წარსულში აბრუნებდა, ფიქრთა ჟამი იწყებოდა. 
"აგერ ის არის მესამე ალვის ხე, თამარას ცოლობა იქა ვთხოვე, მერე რა ბედნიერები ვიყავით, ორი შვილით, ჩემი მიშო და თეა... რა ლამაზი ბავშვები იყვნენ. მიშო, ჩემო ლამაზო შვილო, მამაშენი ცოცხალია, შენ კი?! შენ ომმა გიმსხვერპლა, შენმა მოძმემ მოგკლა. ყოველთვის ვამბობდი, ძმათა ომში გამარჯვებული არ არსებობს! მაგრამ დამიგდე ყური?! – მოხუცმა ცას მიაბჯინა მზერა, თითქოს იქ ეძებდა შვილის ხატებას, – მერე თეა გამითხოვდა, რა კარგი სიძე მყავდა, რა ბედნიერები იყვნენ ბავშვები, თავიანთ შვილებთან ხარობდნენ, მეც ცხოვრებისკენ მომიბრუნდა გული, მაგრამ რაც გაწერია კაცს, არ აგცდება. სიძე მეორე ძმათამკვლელმა ომმა იმსხვერპლა და დამრჩა სახლში ოცი წლის ქვრივი შვილი ორი შვილიშვილით... 
ოხ! შენ მოგიკვდეს მამა, თეა! 
სადა ხარ? რა გისოსებმა უნდა გაუძლოს შენს ცრემლებს, შვილო? რა ცოდვამ მოგიყვანა აქამდე... რა ვუთხრა დედაშენს? კვირის ბოლოს ფული საიდან მოვუტანო? როგორ ავუხსნა ბავშვებს? როგორ მივხედო ჩემი დაჩაჩანაკებული მუხლებით ოჯახს. რა ვაჭამო პატარებს ან შენ როგორ დაგაგდო უპატრონოდ მაგ ჯოჯოხეთში?..". 
– ონისე! – გამოსძახა ცოლმა ოთახიდან. 
– ჰო! რა გინდა, დედაკაცო? 
– შემოდი, კაცო, პური ჭამე, მთელი დღის მშიერი ხარ! 
– მოვდივარ! 
მრგვალ მაგიდაზე თამარამ ნედლი ლობიო, კიტრი, პომიდორი და მწვანილი შემოიტანა. ანიმ პური მოაცუნცულა და პაპას ბუზღუნით შესჩივლა: 
– იცი? ბებომ დღეს ხაჭაპური არ გამოაცხო, ასე თქვა, ყველი არ არისო. 
პაპამ შვილიშვილს ღიმილით შეხედა, გაგულიანებულმა ბავშვმა კი გააგრძელა ბუზღუნი: 
– ქათამიც არ დაკლა, ასე თქვა, მარიამობას თეა დედა ჩამოვა და მერეო. მე კიდევ მინდოდა. 
– პაპას ქალო! ხვალ დაგიკლავს, ოღონდ არ იცელქო, ხო? – ბავშვმა უდარდელად თავი დაუქნია და სამზარეულოსაკენ გაცუნცულდა. 
მოხუცი კი ისევ ფიქრებმა წაიყვანეს: "მე მამა ვარ?! მე უნდა ვჭამო და ჩემი შვილი ახლა რას ჭამს?! მოგიკვდეს მამა, თეა...". 
– ჭამე, ონისე, ჭამე! – ისევ ჩაეძია ფიქრებში წასულს თამარა. 
– ხო... ხვალ ბავშვებს ქათამი დაუკალი, ბევრი არ მალაპარაკო! 
– მოგიტარტალა ენა? ოხ, ეს ჭინკა! დავუკლავ, აბა რას ვიზამ. 
მალე ოჯახი ძილისთვის მოემზადა, ბავშვები ბებიასთან ლოგინში მოკალათდნენ, მშვიდი ფშვინვა ამოუშვეს. არ ეძინა მხოლოდ ონისეს, მთელი ღამე ბორგავდა, გამოსავალს უმისამართოდ ეძებდა. გამთენიისას ჩაეძინა. სიზმარში თავისი გარდაცვლილი შვილი ნახა სიძესთან ერთად. მიშო მამას მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და მშვიდად უთხრა: "მამა, მოიხსენი ეგ ქვა გულიდან, ცოტაც მოგეშვება, ხომ გაიგე, მამა, ჩემი ქვა მოიხსენი, ჩემი ქვა, ჩემი ქვა...". სიძეც ღიმილით თავს უქნევდა. ონისეს ექოსავით ჩაესმოდა ყურში "ჩემი ქვა". მოხუცი გამოფხიზლდა და ხმამაღლა შესძახა: 
– ჩემი ბიჭები! ჩემთან არიან! მარტო არა ვარ! 
– მე მითხარი რამე, ონისე? – გამოეხმაურა თამარა. 
– არა, დაიძინე. 
რამდენიმე წუთში სოფლის ორღობეში მოხუცი ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. უკვე აღარ ფიქრობდა, ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. 
ორი საათის მერე სოფლის გაღმა, სასაფლაოსთან მდებარე მარმარილოს საამქროს კართან ონისეს ქვის ხელოსნებმა 2500 ლარი ჩაუთვალეს... 
მამამ შვილის საფლავის ქვა გაყიდა! 
ოჯახი უნდა გადაერჩინა! 
თეას მიხედვა სჭირდებოდა! 
ზამთარი ახლოვდებოდა! 
ოჯახს და პატიმარს პატრონი უნდოდათ! 
ცოტა ხანში პაპა შვილიშვილებს ტკბილეულით მიადგა სახლში: 
– დედამ გამოგიგზავნათ! 
თამარამ ქმარს დაეჭვებით შეხედა. ონისემ მოკლედ უთხრა: 
– მერე აგიხსნი. ხვალ თბილისში მივდივარ, თეა უნდა ვნახო, მასაც ვჭირდები. 
– აკი ბათუმშია? – ჩაეძია თამარა. 
– ახლა თბილისშია, – მოკლედ გასცა პასუხი. 
* * * 
მეორე დღეს. 
ონისემ ციხეს მიაგნო. 
გისოსებმიღმა სამყაროში დარჩენილი თეა ნახა. 
ჩაიხუტა. 
დარცხვენილ შვილს თავი მაღლა ააწევინა და მშვიდად უთხრა: 
– არ იდარდო, შვილო! ეს ცხოვრებაა. ხან გიხარია, ხან გწყინს, ხან აღმა მიდიხარ, ხან დაღმა ეშვები. უშეცდომო არავინ არის. მთავარია, შენი შვილების წინაშე იყო მართალი... შენ ხომ ჩემი სისხლი ხარ! რაც უნდა დაგეშავებინა, მუდამ მოგიძებნი გამართლებას, არ მიგატოვებ, არ გაგწირავ, ხელს არ გკრავ, მე შენთანა ვარ. ისეთი მიყვარხარ, როგორიცა ხარ! ყველაფერი დროებითია, ისევ მოვა ჩვენთანაც გაზაფხული! მთავარია, სხვას არ დაემსგავსო, მუდამ გახსოვდეს, შენ შენა ხარ! მე და შენ ერთად გადავლახავთ ამ განსაცდელს. 
შენ მარტო არ იქნები. ახლა მომიყევი, როგორა ხარ? რა გიჭირს? რა გჭირდება?.. 
პ.ს. 
გაჭირვების დროს დედები ვიშვიშებენ და გვკიცხავენ. მამები, პირიქით, გამოსავალს ეძებენ. ონისე ერთი ეპიზოდის გმირი არ არის, ის ყველა პატიმრის მამაა! 
სწორედ ამიტომ არის ჩემი მოხუცი განსხვავებულიც და თან ნაცნობიც. 
მაკა მოსიაშვილი 

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში