დედის ლოცვა

უცნაური სიჩუმე ჩამოწვა ციხის კედლებში. მთელი დღე ზონა დუღდა და ქოთქოთებდა. "ქალი და ბაზარი" – ზონის შესატყვისი ორი სიტყვაა. აუარება ჭორი, მიტანილ–მოტანილი ენები, ძაფები და ჩხირები, მძივები და ქამრები, მულინები და ნემსები, პოლიტიკა და ეკონომიკა, მიშა და ობამა, გრეჩიხა და შალიკო, მედიკო და ზვიადი, შეწყალება და ამნისტია, რუსი მოდის, მოდის და რით ვეღარ მოვიდა (ფუი ეშმაკს, ენამ არ მიყივლოს!) – ეს არის ზონის ცხოვრება და, როგორც აქ იტყვიან "რეალში თქვი, რიჟას ნუ ბაზრობო", დაახლოებითი პასუხია აქაური რეალობისა. 
მთელი დღის გადაუღებელმა წვიმამ ეზო გააყრუა, არემარეზე არაფერი ისმოდა, იყო მხოლოდ გუგუნი შიგნით, "ქაჯეთის ციხეში". გარეთ ყოველთვის ასე აღვიქვამდი, ქალი თუ ციხეში მოხვდებოდა, ის უკვე ქაჯი იყო. ჩემ მეზობლად ერთ მაღაზიაში მხოლოდ იმიტომ არ ვვაჭრობდი, რომ გამყიდველი ნაციხარი ქალი იყო. ახლა? ახლა მეც პატიმარი ვარ და ასე ვეღარ ვფიქრობ. 
რატომ? 
მოდი, ერთ ამბავს მოვყვები და მკითხველმა განსაჯოს. ჩემთვის ყველაზე დიდი მსაჯული თქვენ ხართ! 
* * * 
გარეთ ალბათ გრილოდა, ციხის შიგნით კი მუდამ ცივა. მაშინაც კი, როცა სიცხე 40 გრადუსზე ზევით ადის, საკანში უცნაური სიცივე მეფობს... 
უკვე ღამე იყო. ბარაკში ასზე მეტ ქალს, ერთი შეხედვით, მშვიდად ეძინა, ღმერთმა უწყის, მათი სიზმრები სად დაეხეტებოდნენ. ჩემ გვერდზე თეთრ მზეთუნახავს ეძინა, ერთიანად მოშვებულიყო და სარეცელზე ღონემიხდილი მიგდებულიყო. იმ დროს მეც და ჩემი მეზობელიც ციხის ახალი ბინადრები ვიყავით. მისმა ბუტბუტმა გამომაფხიზლა. ძილში ბორგავდა, გამუდმებით სამ სახელს იმეორებდა: 
– დიმ, დიმა, დათუნა, ინგა, დე, მიხედე პატარებს... დათუნა, შენთან ვარ, დიმა, ნუ ტირი, დედიკო... ინგა, ინგა მაპატიე, დიმა, დათუნა, მაპატიე, დათუნა, დიმა, ინგა შენთან ვარ, დე... – მზეთუნახავს მივუახლოვდი, შუბლზე ხელი დავადე. იწვოდა, სიცხე აბოდებდა, ძლივს გამოაფხიზლე, წყალი ერთი ამოსუნთქვით დაცალა ბოთლიდან, ამღვრეული თვალები შემომანათა და დაღლილი ხმით მითხრა: 
– ორივე მკერდი მეწვის, ძალიან მტკივა, ალბათ მალე ვიკივლებ, მიშველე, გთხოვ, ასეთი ტკივილი არასდროს მიგრძვნია, მეჩვენება, რომ მკერდს მისერავენ, დანით მჯიჯგნიან, ვერ ვიგებ, რა მომდის, შიგნით არაფერი მაწუხებს, ეს მკერდი კი მაგიჟებს... 
ამის თქმა იყო და ღმუილი ამოუშვა. მთელი ღამე დაჭრილი ძუ ლომივით გმინავდა, ვერანაირმა ექიმმა ვერ აღმოაჩინა ტკივილის მიზეზი. 
* * * 
თბილისის აფორიაქებული ცხოვრება ღამით მუდამ მიძინებას მიეცემა. ქალაქი ცალი თვალით ფხიზლობს, ცალი თვალით კი თვლემს. სძინავთ და არც სძინავთ, ღვიძავთ და არც ღვიძავთ, ამ საათებში მხოლოდ ახალგაზრდა გოგო–ბიჭების ჟრიამულს თუ შეხვდები ქუჩის რომელიმე კუნჭულში. 
მაგრამ მათ უდარდელ ცხოვრებას სულაც არა ჰგავს ინგას ცხოვრება. 
ცამეტი წლის გოგოს ორმაგი ტვირთი, უმცროსი ძმის დიდი დაიკო და პატარა დედიკო... მეზობლების დანანებული სახეები ეჯავრებოდა ქალიშვილს. სინანულს ვერ იტანდა პატარა დიასახლისი. საკუთარ თავს ამაყად, სარკის წინ ყელმოღერებული ესაუბრებოდა: "მერე რა, დედა რომ ციხეშია, ღმერთი გადმოგვხედავს, მალე ერთად ვიქნებით ისევ მე, დედიკო, დიმა და დათუნა". დათუნას გახსენებაზე ძმის ფაფა ახსენდებოდა და თავქუდმოგლეჯილი მირბოდა სამზარეულოსაკენ. 
ერთნაირი ხდებოდა ყველა დღე, ყველა კვირა, ერთფერი ხდებოდა ლოდინი, დედა არ ჩანდა, დიმა ბებიას და ბაბუას გაეხიზნათ სოფელში, 13 წლის ინგა და ექვსი თვის დათუნა კი ყოველდღე იზრდებოდნენ... 
ის დღეც ჩვეულებრივად დამთავრდა, საღამოს დათუნას ფაფა, დაბანა, გულში ჩახუტება და ღიღინი "იავნანანი". დაღლილი დედა–დაიკო ძმას გვერდზე მიუწვა და მასთან ერთად დაიძინა. სიზმარში დედა ნახა, დედამ ოქროს ფული აჩუქა. ბავშვი შეკრთა და გამოეღვიძა, ძმას დახედა, დათუნა სიცხისგან იწვოდა, მარწყვის ტუჩები დაბეროდა, ლოყები აჭარხლებოდა, კრუსუნებდა, სიზმარში წუხდა... 
ინგა ერთბაშად გამოფხიზლდა, ძმის წუხილმა გამოაღვიძა, ტელეფონს ეტაკა, ნაცნობი ექიმის ნომერი გაიხსენა, დაურეკა, შესჩივლა – ყურმილში მშვიდი ხმა ისმოდა. 
– ნუ ნერვიულობ, ინგა, ბავშვს ღრძილები შეუმოწმე, დასიებული ექნება, ალბათ ექავება, კბილი ეჭრება და მიტომ წუხს. ეს ყველა ბავშვს ემართებდა, შენც მასე იყავი მის ასაკში, – მორჩა ექიმი საუბარს. 
ინგა კი ფიქრებით პასუხობს: "ხო, მე მაშინ დედასთან ვიყავი. ახლა? ახლა რა ვქნა?". ძმას მიუჩოჩდა, გულში ჩაიკრა, ხელით არწევდა და მასთან ერთად ტიროდა. 
* * * 
იმავე საღამოს სოფელში... 
დიმამ ძილის წინ ბაბუასთან ბევრი ითამაშა, ფარდის უკან იმალებოდა პატარა კაცუნა, მერე იქიდან ხალისიანი კისკისით გადმოხტებოდა და ბაბუს გულში ეხუტებოდა. 
დაქანცული ბავშვი ბებომ საღამურით შემოსა, გახამებულ თეთრეულში ჩააწვინა და სოფლის ზღაპრის მოყოლას შეუდგა. 
დიმამ წარბები შეკრა და ბებოს მოთხოვნით უთხრა: 
– დედაზე ზღაპარი არ იცი? – ქალი შეცბა, გამოსავალი ვერ იპოვა და მოკლედ უპასუხა: 
– არა. 
– როცა ისწავლი, მერე მომიყევი, – თქვა ბავშვმა და კედლისკენ გადაბრუნდა. 
მოხუცი გაყუჩდა, თავი დამნაშავედ იგრძნო, თვალზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა, თმაზე აკოცა და მოხუცი ქმრისკენ წაბარბაცდა. 
რამდენიმე საათში ბავშვის კრუტუნი შემოესმა. შუბლზე ეამბორა, დიმა სიცხისგან იწვოდა. მოხუცმა ძმრიანი ტილოების მზადება დაიწყო, მამაპაპისეული რეცეპტით ებრძოდა სიცხეს. მოტრიალე ცოლს თავზე ქმარი წამოადგა, ბავშვის ალაპლაპებულ ლოყებს დახედა, დედაკაცს შეუბღვირა და დაჰყვირა: 
– დღეს მეზობლებთან ხომ არ გყოლია, თვალი აქვს აღებული! 
– არსად არ გამიყვანია, – შეშინებული ხმით უპასუხა ოჯახის თავკაცს. 
– მაშ, შინ ვინ იყო? 
– არავინ, მერწმუნე, – ქალი შეშინებული უყურებდა ქმარს და შვილიშვილს. 
– აბა, მაშ ბავშვი ძილის წინ კარგ ხასიათზე იყო?! – გაიკვირვა კაცმა. 
– ზღაპარი არ მოეწონა, ასე მითხრა, დედაზე რომ ისწავლი, მერე მომიყევიო, – დარცხვენით უთხრა ქალმა. 
– ხოო! დიმა ბავშვი არ არის, ორი წლის არის, მაგრამ კაცია! მე ვიცი, ის როგორი კაციც გაიზრდება... 
ქალი ბავშვს სასთუმალთან მიუჯდა, შუბლზე ნახშირი წაუსვა, ჩუმად ბუტბუტი დაიწყო. 
– ალისასა, მალისასა, შეგილოცავ თვალისასა, ყველა ავი თვალისასა, დიდისასა პატარისასა, გოგოსასა ბიჭისასა, ქალისასა კაცისასა, ბავშვისასა, ჯვარი გწყალობდეს ჯვარცმული, ვერას გაკლებდეს მაცდური, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს! – იდგა საცოდავი მოხუცი და იმეორებდა მამაპაპისეულ შელოცვას, ბავშვი კი დუდღუნებდა და სიცხისგან იწვოდა. 
– დედა, დე–და, დედიი, დე, დედიკო... მოხუცი კაცი საწოლს მიუახლოვდა, მოხუც ცოლს მხარზე ხელი დაადო და მშვიდად უთხრა: 
– თვალი არ აუღია, დედა უნდა, დედა ენატრება, რაღაც უჭირს დედამისს... 
* * * 
გათენებისას ციხეში... 
ჩემი მზეთუნახავის ყურებით ბარაკი შოკში ჩავარდა. ქალი გმინავდა, ორივე ძუძუზე ხელებს იჭერდა, ვერანაირი წამალი ვერ უყუჩებდა "უცხო იარას". მოხუცი მეგრელი პატიმარი თავზე წამოგვადგა, ცოტა ხანს უყურა და მერე გვითხრა: 
– მე ვიცი ამის წამალი, მის შვილებს რაღაც უჭირთ ან სტკივათ. სასწრაფოდ დედის ლოცვა წაიკითხოს, განუწყვეტლივ, მანამდე, სანამ მკერდი არ გაუყუჩდება, მანამ იკითხოს, სანამ მისი სითბო და ალერსი მის შვილებამდე არ ჩააღწევს, – თქვა და გაბრუნდა. 
დედა რის დედაა, შვილის ტკივილი გაიგოს და სამარიდან არ წამოხტეს. მკერდდაკოდილი ქალი ზეზე წამოიჭრა, სანთლები აანთო და დაიწყო: "ჰოი, სამებაო ერთ არსებაო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო, გევედრებინ შენ..." 
ალბათ ნახევარი საათი კითხულობდა ლოცვანს... 
და მოხდა სასწაული. 
მკერდი გაყუჩდა. 
პატიმარი დედა მშვიდად სუნთქავდა, მაგრამ ლოცვას არ წყვეტდა. 
* * * 
გამთენიისას სოფელში... 
დიმას სიცხემ უკლო, ბავშვი ბოდვას მორჩა, მშვიდად დაიწყო ფშვინვა. პაპა ცოლს მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა: 
– იცი, რა მოხდა? დედამისმა თავისი ანგელოზი გამოუგზავნა, ალერსი გამოატანა და დიმაც დამშვიდდა. 
.. 
გამთენიისას თბილისში... 
დათუნას სიცხემ უკლო, ტუჩიდან ერთი წვეთი სისხლი გადმოგორდა, კბილმა ამოჭრა, ბიჭუნამ თავისი დაიკოს მკერდზე მოიკალათა და მშვიდად დაიძინა. 
ინგამ ძმის სიმშვიდით ამოისუნთქა. ბავშვს თვალები დაუკოცნა, ბალიშზე თავი დადო და ჩუმად ჩაილაპარაკა: 
– ღმერთო, დედა მინდა, დავიღალე! 
* * * 
მეორე დღეს ზონა ისევ დუღდა, ამნისტიაო, შეწყალებაო, პატრიარქი მალე სიტყვას შეგვაწევსო, კონდოლიზა ყოფილაო, ალიევის ცოლტ ჩვენზე რულოვსს დალაპარაკებიაო... 
ღამე?! ღამე სხვა პატიმარს ეწვოდა მკერდი, მის შვილებს უჭირდათ რაღაც... 
პ.ს. ვცდებოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ციხეში მხოლოდ ქაჯები ხვდებოდნენ. ძუ ლომი ბევრი ვნახე, ქაჯი? ქაჯი – ვერც ერთი... 
მაკა მოსიაშვილი 

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

რატომ სჯობია იურისტის დიპლომს, „აისში“ ნასწავლი დურგლობა ?!