საკრებულოს სკანდალური საჩუქარი პრადო

„ქართული სიტყვა“
მაკა მოსიაშვილი
                მიუხედავად იმისა,  რომ თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ავტომობილების საკმაო რაოდენობაა, თელავის ახალმა გამგებელმა, გივი მეტრეველმა ახალი,  27 700 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა.  ავტომობილების მცოდნეები ირწმუნებიან, რომ TOYOTA AVENSIS  საკმაოდ მაღალი კლასის  ავტომანქანაა და  თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ის საკმაოდ იაფად შეიძინა. ასეა თუ ისე,  ამ „იაფფასიანმა“ მოძრავმა ნივთმა  თელაველთა დიდი ნაწილის  აღშფოთება გამოიწვია.  უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ თელაველების მღელვარების მიზეზი ახალი  TOYOTA AVENSIS  იმიტომ გახდა, რომ ის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალური დახმარებების შემცირების ფონზე შეიძინა.
           თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური განცხადებით,  ავტომობილი საკრებულოს თავმჯდომარის, დიმიტრი ბოჭორიძისთვის შეიძინეს,  რაც იურისტების თქმით სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ დანაშაულს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა ჰქვია.   
          ახლად დანიშნულმა გამგებელმა (რომლის პოლიტიკური მრწამსი და იდეოლოგია თელაველებისათვის უცნობია) თავი იმართლა და ყველაფერი მისივე წინამორბედს,   ზურაბ ყურაშვილს გადააბრალა. მტკიცებულებად  მან   დოკუმენტი  საჯაროდაც წარმოადგინა, სადაც  მითითებულია, რომ აღნიშნული ავტომობილი 2012 წლის დეკემბერშივე იყო  ბიუჯეტით გაწერილი, თუმცა მისი შეძენა  ყურაშვილის მმართველობის დროს არ მომხდარა. ის, რაც ყურაშვილის დროს ვერ თუ არ მოხერხდა, მეტრეველის გამგებლად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში მოხერხდა.  საკრებულოს თავმჯდომარეს ახალმა გამგებელმა ახალი მანქანა „უფეშქაშა“ (რა დამსახურებისთვის?! მ.მ.)
        თელაველები ამბობენ,  რომ  გივი მეტრეველმა საკრებულოს თავმჯდომარეს ეს „იაფფასიანი“ საჩუქარი ერთგულებისთვის უყიდა.  ცნობილია, რომ  გამგებლის შესარჩევი  კონკურსი საკრებულომ  საკმაოდ სერიოზული დარღვევებით  ჩაატარა და მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე გივი მეტრეველის დანიშვნა, სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, დიმიტრი ბოჭორიძის  „ვაჟკაცობით“ მოხდა.  ერთ-ერთი კონკურსანტი (პროფესიით იურისტი) დღემდე დავობს, რომ შეასრჩევი ტურის დროს მეტრეველს არც  ნასამართლობის შესახებ ცნობა წარუდგენია და არც ნარკოლოგიური ტესტის პასუხი. აღნიშნული დარღვევა პრობლემას არ წარმოდგენდა დიმიტრი ბოჭორიძესთვის, რომელმაც  კონკურსის ტურები საიდუმლო ვითარებაში ჩაატარა და ხუთკაციანმა საატესტაციო კომისიამაც, მეტრეველი უალტერნატივო კანდიდატად დაასახელა... 
             დღეს თელავის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ბალანსზე რამდენიმე ავტომობილია.   ამათგან ყველაზე ახალი 2006 წლის გამოშვება  Mercedes ML 350 -ია,  რომელიც ოდესღაც  ქიბარ ხალვაშის ოჯახის კუთვნილებას წარმოადგენდა.  მიუხედავად იმისა,  რომ  გამგეობის ბალანსზე არსებული სხვა ავტომობილები 2004 - 2005 წლის გამოშვებებია,  რატომღაც მუნიციპალიტეტის გამგეობა აუქციონზე გასაყიდად  ყველაზე ახალი ავტომობილის, Mercedes ML 350-ის გატანას აპირებს და არა უფრო ძველის.  აუქციონის ჩატარებამდე თელაველებს სხვა ბევრ კითხვებთან ერთად ისიც აინტერესებთ, 18 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილის აუქციონზე გაყიდვა ადგილობრივი ბიუჯეტის შესავსებად იგეგმება თუ კონკრეტული პიროვნებისთვის მიზერულ ფასად ხელში ჩასაგდებად...
            გასათვალისწინებელია ისიც, რომ თელავის მუნიციპალიტეტის  გამგეობას ბალანსზე სხვა ბევრი ძველი ავტომანქანაც ჰყავს, რომელთა შენახვაც ადგილობრივ ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება.

მაკა მოსიაშვილი

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში